სახალხო დამცველი: საქართველოში 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა

359

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა.

ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი.

„სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებისა და დისბალანსის საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრების უდიდესი ნაწილი განხილვის გარეშე დარჩა, ან არ დაკმაყოფილდა, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად“, -აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენმა ასევე კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. მათი განცხადებით, სამართალდამცავები წყლის ჭავლს დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის იდენტიფიცირებადი იყო მათი პროფესიული სტატუსი და საქმიანობა.

სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემოღებულმა შეზღუდვებმა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული რეგულაციით დადგენილი სანქცია გამოყენებულ იქნა შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიმართ. შესაბამისად, ნეგატიურად ვაფასებთ 9 ნოემბრის ღამეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, შეკრების მიმდინარეობის დროს, 22:00 საათის შემდგომ პერიოდში მოქალაქეების დაჯარიმების შემთხვევებს.

გასული წლის მსგავსად, წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთ აქციაზე ადგილი ჰქონდა აქციაზე გათბობის მიზნით შეშის მიტანაში ხელშეშლის ფაქტებს. სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს კანონმდებლობის ზედაპირული და ბლანკეტური ინტერპრეტაცია ბოლო წლებში პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს უწყების მხრიდან ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის სათანადოდ დასაბუთებას.

გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიება დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, რიგით პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ერთეული აქცენტების პარალელურად, პროკურატურამ ვერ შეძლო ობიექტურად და სრულად შეეფასებინა ზემდგომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ, როდესაც ძალადობისთვის ბრალი 17 დემონსტრანტს წაუყენეს, მოქალაქეზე ძალადობისთვის მხოლოდ 3 პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, რაც ამ დრომდე გაუზიარებელია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.