სახალხო დამცველი ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის გარშემო გამოთქმულ სხვადასხვა პოზიციებს და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატიური და ეფექტიანი გახადოს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს (მათ შორის, პაციენტის, პირადი ექიმის, ადვოკატების პოზიციების გათვალისწინებით), კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა.
განცხადების თანახმად, ასევე, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე.
“სახალხო დამცველის აპარატი დღემდე ყურადღებით აკვირდებოდა კონსილიუმის მუშაობას, მონიტორინგისას სრულად ეყრდნობა მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმებისას აფასებდა სწორედ კონსილიუმის დასკვნებში მოცემულ საჭიროებებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხს.
ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა. სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები.
ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სახალხო დამცველი ასრულებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და მომავალშიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას.
პატიმრის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა სრულფასოვნად უნდა განაგრძოს იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით. ამასთან, სახალხო დამცველი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.