„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია მაინც მივა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და „თავის სათქმელს იტყვის“.
როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიცის პოზიცია უცვლელია და ისინი რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.
„მეხუთე რაუნდი როცა დაინიშნება, დაინიშნება. ჩვენ არ ვაპირებთ მაგიდის აყირავებას მიუხედავად „ქართული ოცნების” სრული შემადგენლობის. იმ ერთ ღლაპზე, კობახიძე რომაა გვარად, ნუ დავიყვანთ იმიტომ, რომ კობახიძემ განაცხადა ექსპლიციტურად „ქართული ოცნების“ საერთო პოზიცია, რომ დაიწყოს პოლიტიკური ტერორი ქვეყანაში, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომ შევიწროვდეს თავისუფალი მედია, რომ დაფინანსება ჩამოერთვას და ყველანაირად შევიწროვდეს ოპოზიცია. ჩვენ ეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია. მიუხედავად ამისა, თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, მივალთ და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენი სათქმელი რჩება კვლავ იგივე, ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს – იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, ამით „ქართული ოცნება“ დაანებებს ყველა იმ ადამიანს თავს, რომელსაც ატერორებს და ხალიჩის ქვევიდან ეჩალიჩება, რომ შეიყვანოს და თან იძახიან, რომ დიდად არ უნდათ ოპოზიციის ყოფნა. მეორე – კანონით 16-17 დეკემბერს ყველა ის ფორმალურად გასული დეპუტატი ინდივიდუალურად დაწერს განცხადებას და დატოვებს პარლამენტს. დღეს როგორც აღმოვაჩინე, კობახიძეს წაუკითხავს კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლი, ცალსახად ამბობს, რომ ადამიანს თუ აღარ უნდა დაწერს განცხადებას, უმრავლესობა კი ვალდებულია დააკმაყოფილოს. ის ბოდვა, რასაც მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში ვისმენდით, რომ თურმე საბოტაჟი უნდა ვინმეს და ამიტომ არ გაუშვებდა პარლამენტიდან, არა. პარლამენტი იქნება ერთპარტიული. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება მას შემდეგ, როდესაც მივიღეთ სრული გაყალბება და უტიფრობა “ქართული ოცნებისგან”“, – განაცხადა უგულავამ.
უგულავა ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ინიციატივას არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„გააყალბეს თვითონ, მოირგეს ეს სავარძლები თვითონ და კომისიას ქმნიან თვითონ, რომ თავისი გაყალბებული თვითონ გამოიძიონ. მანდ „ენჯეო“ იქნება კოლექტიური ბოჟაძე“, – განაცხადა მან.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაში უმცირესობას მიაჩნია, რომ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაწერა უნდა დაყოვნდეს.
„განსხვავებული აზრი არის, უმცირესობას მიაჩნია, რომ განცხადებების დაწერა დაყოვნდეს, მაგრამ პრინციპული პოზიციაა, რომ კანონით განცხადების დაწერა უწევს მას შემდეგ, რაც სიები ჩაიხსნება. ერთადერთი ლეგიტიმური გზა დარჩა ბოიკოტი, ბოიკოტის მიღმა სხვა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“, – განაცხადა უგულავამ.