პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, რასაც სინდისი და ქვეყნის ინტერესები კარნახობს. მისი თქმით, ყოველთვის გააკეთებს იმას რისიც სწამს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლოა.
“რა თქმა უნდა, არასოდეს, ხელფასის იქით არ ამიღია არასოდეს არც ერთი თეთრი, არც ერთი თეთრი და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ვიღაცას რომ არ მოსწონდეს ან მთელი დედამიწა ჩემი წინააღმდეგი იყო, მთავარია მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ჩემ სინდის შეესაბამებოდეს და ქვეყნის ინტერესებს სასარგებლო იყოს […] რა თქმა უნდა, არანაირი ფული არ… ვინ გამიბედავს, პირდაპირ გეუბნებით, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქედან. არავის არ ვემუქრები, მაგრამ ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომ ამაზე არავინ არც დამელაპარაკება”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
Facebook ლაივში ელისაშვილმა, ასევე, განმარტა ის პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც პარლამენტში შევა. მისი განცხადებით, თუ ექნება გარანტია საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, მაშინ მანდატზე უარს არ იტყვის.
მან ასევე განაცხადა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერები მოლაპარაკებების პროცესს საბოტაჟს უწყობდნენ, რადგან მათ საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვეს.