თელავში თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის კუთვნილი პლაკატები დახიეს

300

თელავში თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკრული პლაკატები დააზიანეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აქცია პერფორმანსი თეატრის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დავით დავითაშვილის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თეატრის წინ გამოკრულ პლაკატებთან უცხო პირი მივიდა, ჩამოხია ისინი და გაიქცა.

“მანქანაში ვისხედით, როცა დავინახე ჩვენს პლაკატებთან მისული უცხო პირი, რომელმაც ისინი დააზიანა. მივედი წავართვი პლაკატები. დავიწყე ვიდეოს გადაღება მინდოდა სახე გადამეღო მაგრამ გაიქცა. გამოვეკიდე, თუმცა ვერ გავარკვიეთ ვინ იყო. ასეთი პროვოკაციები ალბათ კიდევ იქნება, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”,- ამბობს გავრცელებულ ვიდეოში დავით დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა თელავის თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი და პლაკატები გაკრული.

თბილისიდან ჩამოსული აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
მათ, ამ ფორმით, ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.