ბაქრაძე: რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის

356

ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში – რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის, შედეგი და დაახლოება არ გვაქვს ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან დიალოგის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ მხარეებს შორის რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს.

„ დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ პასუხს ვცემ ამ თხოვნას და არ გავახმოვანებ „ქართული ოცნების“ პოზიციებს, „ქართულმა ოცნებამ“ თავად ილაპარაკოს საკუთარ პოზიციებზე, მაგრამ შემიძლია გავახმოვანო ის, რაც არის ჩვენი პოზიცია და ეხება მოლაპარაკების ძირითად მიმდინარეობას.

მოლაპარაკებაზე 4 ძირითადი საკითხია, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია და მიდის საუბარი. პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე, პოლიტპატიმრების საკითხია, მესამე, საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილება, მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის, აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩემი პარტიის პოზიცია, რომ ამის გარეშე არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას.

საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, აქ არსებობს გარკვეული საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და ხმები როგორ იყოს დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის შედეგი და დაახლოება არ გვაქვს, საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს“,- განაცხადა ბაქრაძემ.