“ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის დროს დაშვებულმა შეცდომებმა მერიას 85 000 ლარის ზარალი მიაყენა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ საკითხი შემდეგი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გლდანის რაიონის მთავარი ქუჩების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები, რის გამოც ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე გზის საფარი ჩაიწია.
„გლდანში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩები განახლდა და კეთილმოეწო, ქუჩები დაიხაზა და მიმდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი, თუმცა ხიზანიშვილის ქუჩაზე გარკვეულ მონაკვეთზე ახლადრეაბილიტირებული ასფალტი ჩაიწია, რაც სერიოზული პრობლემაა. შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე მოეკვლია, რა იყო ამის მიზეზი.
რამდენიმე თვეში მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩაზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და მთელი რიგი პრობლემები იყო. ამის შედეგად ჩაწეულმა ასფალტმა დედაქალაქის მერია, დაახლოებით, 85 000 ლარით დააზარალა.
აღნიშნული საკითხი ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და ეს საკითხი გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას შემდეგი მოკვლევისთვის და გამოძიებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.