ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გენერალური პროკურატურა მოკვლევას ჩაატარებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სამუშაოები ხარვეზით განხორციელდა, რისი გამოსწორებაც ბიუჯეტს 85 ათასი ლარი დაუჯდა.
„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში იყო სერიოზული ხარვეზები და შედეგად, პრობლემების მთელი ჯაჭვი წარმოიქმნა. იცით, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც 85 ათასი ლარით დაზარალდა დედაქალაის ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. მოკვლევის შედეგად ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და ეს საკითხი გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.