ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

389

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, დიალოგის მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ მორიგი შეხვედრა შესაძლოა სწორედ 8 დეკემბერს შედგეს.

გუშინ გამართული შეხვედრის დეტელებზე დიალოგის მონაწილეებს არ უსაბრიათ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გარკვეული პოზიციების დაახლოება მოხდა.

„შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი. ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა და იმედი ამქვს, 8 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადეობას“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი და არის საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება ხდება, თუმცა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ჩვენსა და ხელისუფლებას შორის პოზიციების სხვადასხვაობაა. ახლა დღევანდელი დისკუსიის შემდეგ შიდა განხილვები გვექნება. რა თქმა უნდა, აქ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე და სხვა თემებზე. არის საკითხები სადაც ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო. არის საკითხები რაზეც ვერ ვთანხმდებით – რიგგარეშე არჩევნების საკითხი, პოლიტპატიმრების საკითხი”, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში. ჩემთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

„ იყო რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. არ მაქვს იმის უფლება, რომ დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, იმის თქმა შემიძლია, რომ პუნქტობრივად გავიარეთ, არის რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია,“- განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

“სასარგებლო შეხვედრა იყო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც საკითხებზე პოზიციები დავაახლოვეთ. განსხვავებები რჩება. ჩვენ არ გაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რა საუბარიც გვქონდა შიგნით, მოლაპარაკების დროს, ეს საუბარი დეტალურად გამოვიტანოთ. ამიტომ, თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გავცემ“,- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ აღმსრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლოდინები პოზიციურია.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში. შეხვედრა, სავარაუდოდ, 8 დეკემბერსაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს, ეს წითელი ხაზები უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საუფუძველს, დროც არ არის ბევრი დარჩენილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.