უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

440

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაციისა და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიემინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ გამოცხადებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის პროცესის შეუფერხებელ განხორციელებაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა სხდომაზე აღნიშნა, შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, უწყებაში 14 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა და კომპენსაციების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ მეწარმეებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხოთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს, დროულად შეავსონ შესაბამისი ფორმა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, ზუსტად მიუთითონ დასაქმებულთა პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რათა მოქალაქეებმა დახმარება ახალ წლამდე მიიღონ. რეგისტრაციის პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, დაზუსტებები კი 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა, თუმცა შემთხვევების რაოდენობის კლება შაბათ-კვირას ტესტირებებზე დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება. ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას და ექიმების უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თუ გლობალურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 83%-ია, რაც პოზიტიური მაჩვენებელია.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების მზარდ რაოდენობაზე, რომელმაც გასული კვირის ბოლოს ყველაზე მაღალ ნიშნულს – 17 ათასს გადააჭარბა, მიმდინარე კვირის განმავლობაში კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლებიც დაემატება. მათ შორის, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება. მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და როგორც ექიმის მიმართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კი უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე – http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე – 1505.

სხდომაზე აღინიშნა, რომ პანდემია გლობალურად უკან არ იხევს და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 67,5 მილიონს გადააჭარბა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიან აღსრულებას და ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვას – მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

სხდომაზე იმსჯელეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, გარდა COVAX პლატფორმისა, სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან.

საბჭომ ასევე განიხილა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით შემოწმებული ობიექტებიდან, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა 1986 ობიექტზე, მათგან დაჯარიმდა 3 ობიექტი; განმეორებით გადამოწმებული ობიექტებიდან 317 მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 164 976 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 137 499 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1540 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1267 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 3744 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6963 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.