ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დღესაც გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ დღეს აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს იმის ნიშნად, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობისთვის ძალისხმევას არ იშურებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ყველაზე მეტად გვეხმარებიან იმაში, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარებული და უკეთესი იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მათი დროშები აღვმართეთ. ეს ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური სტაბილურობა იყოს”, -განაცხადა კირთაძემ.
აქციის მონაწილეები 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ისინი აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ.