საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალა თელავში, ჯერაც არ ჩამოუხსნიათ, არადა კანონის მიხედვით, ყველა მათგანს ამის ვალდებულება აქვს. საჯარო სივრცეებში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები, ისევ განთავსებულია. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა ვარდოშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მასალის ჩამოხსნას არ აპირებს.
“წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის პლაკატები, ჩემსას მაღლიდან გადააკრეს. ჯერ ქადაგიშვილმა ააფხიკოს თავისები, რომ ჩემიც გამოჩნდეს და მერე მე თვითონ ჩამოვხსნი” – განაცხადა ვარდოშვილმა.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ლელა მენთეშაშვილმა განაცხადა, რომ პლაკატები ძალიან ცოტაა და პარტიის ახალგაზრდა წევრები, ეტაპობრივად ჩამოხსნიან.
“ჩვენ სააგიტაციო მასალის გაკვრა ყველაზე ადრე დავიწყეთ. შემდეგ “ქართული ოცნების” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები ზემოდან აკრავდნენ ან ახევდნენ. ჩვენი ახალგაზრდები არიან ამაში ჩართულები და ეტაპობრივად ჩამოხსნიან” – განაცხადა მენთეშაშვილმა.
სააგიტაციო მასალის ეტაპობრივად ჩამოხსნას აპირებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.
პარტიის წარმომადგენელი, თელავის მუნიციპალიტეტია საკრებულოს წევრი, ალექსანდრე ძულიაშვილი ამბობს, რომ კანონის თანახმად, მასალა ჩამოსახსნელია.
“მასალა ნამდვილად ჩამოსახსნელია. მერიის კეთილმოწყობის სამსახური იყო- ხოლმე ამით დაკავებული, მაგრამ ახლა აღარ აკეთებენ. ჩვენ თვითონ ჩამოვხსნით”- განაცხადა ძულიაშვილმა.
სააგიტაციო მასალის ჩამოხსნაზე, კომენტარი არ გააკეთეს ” ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. წინასაარჩევნოდ, ყველაზე მეტი პლაკატი და ბილბორდი საჯარო სივრცეში, სწორედ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატს ჰქონდა გაკრული.
თელავის მე 17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რეზო გაიპარაშვილი განმარტავს, რომ კანონით, ყველა პარტიამ, მასალა თვითონ უნდა ჩამოხსნას.
“საარჩევნო კოდექსში მითითებულია, რომ არჩევნებიდან 15 დღეში, პარტიებმა პლაკატები და ბილბორდები უნდა ჩამოხსნან” – განაცხადა გაიპარაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის ინფორმაციით, კანონი ურჩი პარტიების მიმართ, შესაბამის ჯარიმას ითვალისწინებს.
“იმ შემთხვევაში, თუ პარტია არღვევს კანონს, ის შესაბამისი წესით ჯარიმდება. ყველა უნდა ჩაეტიოს იმ ვადაში, რასაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს” – განაცხადა ბერძენაშვილმა.
ჯერჯერობით, მერიაში არ განმარტავენ დააჯარიმებენ, თუ არა პარტიებს, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული ვადა უკვე დაარღვიეს