ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
ჩემპიონატს ორი ქვეყანა, საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. გახსნის ცერემონია რუმინეთში შედგება, ფინალური მატჩი და ტურნირის დახურვის ღონისძიება კი ჩვენს ქვეყანაში გაიმართება.
2023 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფად იქნება დაყოფილი. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. საქართველოს და რუმინეთის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებები ფინალურ ეტაპზე, საკვალიფიკაციო ეტაპის გაუვლელად იასპარეზებენ.
პლეი-ოფამდე გასავლელი მატჩები საქართველოში, 4 სტადიონზე გაიმართება. შეხვედრები, ფოთის, ბათუმის, „დინამო არენას“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე შედგება.
„ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში,რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას ამ დრომდე არ უმასპინძლია“- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.