აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა “ქართული ოცნების” პარტიული სიის სამმა წევრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, თორნიკე რიჟვაძემ და თინათინ ზოიძემ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ.
“მინდა გაცნობოთ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ, ორი დღის წინ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მივმართეთ და შესაბამისად მოხდა “ქართული ოცნების” სიაში ცვლილებები. სამმა ადამიანმა მანდატების შეწყვეტა მოვახდინეთ. ჩვენ საქმიანობას აჭარის მთავრობაში ვაგრძელებთ, აღმასრულებელ რგოლში. ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე, რომლებიც აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტში იყვნენ წარმოდგენილი, ისინი საქმიანობას გააგრძელებენ. ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის რანგში უბრუნდება, ხოლო თინათინ ზოიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას”,- განაცხადა რიჟვაძემ.