ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, 20 ათასი ლარით იზრდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ თანხით სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს საკვებ პროდუქტებს შეუძენენ. თანხის ნაწილი მოსახლეობის მედიკამენტების შეძენის პროგრამას დაემატება, ნაწილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამას.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მერიაში მსჯელობენ და უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ, თუ რომელი კატეგორიის მოქალაქეებზე გასცენ საკვები პროდუქტები.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გასულ თვეებში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ყველა მოქალაქის საჭიროების დანახვა ვერ შეძლო, არაერთი ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა.
მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკვები პროდუქტები შეუძინეს 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, უსინათლოებს – სულ ათას მოქალაქეს.
ამჯერად ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამაში 20 ათასი ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2020 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოიყო.