ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს

365

ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში არსებული დაფინანსება 2021 წელს საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.

,,როგორც წესი, წლის ბოლოს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება ხდება, შესაბამისად სოციალურ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, თუმცა არ ყოფილა განხილული ისეთი საკითხი, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა პროგრამის განხორციელებას, ან კომპრომისი იქნებოდა სერვისების ხარჯზე. მუშა პროცესის პარალელურად სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებს, რათა პანიკის საფუძველი შექმნილიყო, თუმცა სამუშაო ჯგუფი შეჯერდა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებსაც. შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ პროგრამა 100%-ით დაფინანსდება”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

რამდენიმე დღის წინ რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციიის პროგრამას არ დააფინანსებდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.