აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

304

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრიდან ერთი, რეზო ხარაზი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

რეზო ხარაზი აცხადებს, მისთვის უცნობია მომდევნო სასამართლო პროცესი როდის გაიმართება. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.

ცნობისთვის, რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსში ღებულობდა მონაწილეობას, მან პროტესტის ნიშნად ბოძზე ბუშტები დაამაგრა. სამართალდამცავებმა კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

მეორე დაკავებული, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 – დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, ირაკლი ჩხვირკია აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქცია-პერფორმანსში იღებდა მონაწილეობას, როდესაც სამართალდამცავებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები ჰქონდათ მიტანილი წარწერებით  – “რიჟვაძე-მონა”. აქციის მონაწილეები ბუშტების ბოძებზე დამაგრებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს და მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.