ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, მერია-კონჭკათის გზაზე, ცენტრალურ ადგილზე, უამრავი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავია დაყრილი. ძნელი ამოსაცნობი არაა, რომ ეს ადგილობრივ მცხოვრებთა ნამოქმედარია. გასაკვირი ისაა, რომ აქედან არც ისე შორს, არაერთგან არის სანაგვე ურნა განთავსებული, – წერს გურიანიუსი.
“არაერთხელ ხდება ასე. ადგილობრივი მოსახლეობის ნამოქმედარია, აბა, ოზურგეთიდან არ შეიტანს ვინმე კონჭკათში ნაგავს. ერთხელ ასეთი ფაქტიც გვქონდა, ვინც დაყარა ნაგავი, თვითონ დარეკა მერიაში „შეშფოთებულმა“, ეს რა ხდებაო. მერე თავად გამოვიჭირეთ ფაქტზე. მე დღესვე გავუშვებ ჩვენს თანამშრომლებს, რომ ნაგავი გაიტანონ. გასაკვირი ისაა, რატომ აკეთებენ ამას ადამიანები, როცა სანაგვე ურნები ყველგან არის”, – ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის დირექტორი, თენგიზ ქუტიძე.
ქუტიძემ ცალკე ისაუბრა მყარ სამშენებლო ნარჩენებზე, რომელიც სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, ანასეულის სიახლოვეს უნდა მიიტანონ.
“მინიმალური თანხის გადახდას არიდებენ თავს და იმიტომ არ მიაქვთ მყარი ნარჩენები სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე”, – თქვა ქუტიძემ.