“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ “ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად” დღეს, 17:00 საათზე, პარლამეტთან ბუშტებს გაუშვებენ.
“ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთ-ერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი ერქვას მონა რიჟვაძე. 17.00 პარლამენტთან დაიცავი ბუშტი” – წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ბათუმში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, უკვე რამდენიმე დღეა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.
დღეს, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები მიიტანეს წარწერით – “მონობა ტეხავს” და ბოძებზე განთავსებას ცდილობდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე ადამიანი.