ამბროლაურის მერიის ინიციატივით რაჭაში „სიკეთის თვეები” იწყება

462

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით რაჭაში „სიკეთის თვეები” იწყება. აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, იმისთვის, რომ აქცია უფრო მასშტაბური და შედეგიანი იყოს, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს, მაღაზიებს, აფთიაქებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ წინასაახალწლო პერიოდი გაულამაზონ ყველაზე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ბავშვებს.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, მაღაზიებსა და აფთიაქებს შეუძლიათ, გამოყონ ადგილები, სადაც მსურველი მოქალაქეები შეძლებენ, მოათავსონ ის ერთით მეტი პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც სხვისთვის შეიძინეს;

კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, თავად გაამზადონ რამდენიმე სასაჩუქრე პაკეტი (თუნდაც ერთი) და გაუგზავნონ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს;

„დავეხმაროთ კოვიდ ვირუსის მქონე მარტოხელა პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ გარეთ გამოსვლის საშუალება და სახლთან მივუტანოთ მათთვის საჭირო ნივთები.

ახლა, როცა რეალობა ასეთი მძიმეა, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამხნევება, სიკეთის კეთება და გვერდში დგომა, ეს აქცია განსაკუთრებით შედეგიანი იქნება.

გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები! ერთად უფრო მეტს შევძლებთ!“- ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.