აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 პირი დააკავა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.
როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიძე აცხადებს, აქციის მონაწილეები კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ, მათ სამართალდამცავები მოუწობდნენ, მითითებულ ადგილზე ბუშტები და სტიკერები განეთავსებიათ, თუმცა, ისინი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ.
„პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ განუცხადეს, რომ ბოძებიდან ჩამოსულიყვნენ და მითითებულ ადგილზე გაეკრათ ბუშტები და სტიკერები, თუმცა, მათ სურდათ ბუშტების პოლიციელების თავზე გადატარება, რასაც ჩვენ არ დავუშვებდით“, – აღნიშნა ირაკლი ჭედიძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და სამართალდამცავები რჩებიან. პოლიციელები მთავრობის შენობის ყველა შესასვლელთან არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უკვე რამდენიმე დღეა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.
დღეს, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები მიიტანეს წარწერით – “მონობა ტეხავს” და ბოძებზე განთავსებას ცდილობდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე ადამიანი.