პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბოლო პირადი შეხვედრის დროს, ელჩებმა ქართული ოცნების კომპრომისული შემოთავაზება გააცნეს. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ეს შემოთავაზება საკმარისი არ იყო.
“მე და ლევან იოსელიანს რა შეხვედრაც გვქონდა ელჩებთან პირისპირ, მათი გარკვეული კონტურები და მონახაზი გვაჩვენეს ქართული ოცნების კომპრომისული შემოთავაზებების, რაც იყო ძალიან არასაკმარისი. ვადამდელი არჩევნები არ ეწერა. დეტალებზე არ მინდა საუბარი. უბრალოდ, იქ ელჩები იყვნენ და არა ბატონი თალაკვაძე”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის ცვლილებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი. გარდა ამისა, ელჩებს ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ჰქონდათ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.