“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გონივრულ წინადადებას წარადგენს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ახალი არჩევნების ირგვლივ შეთანხმება არ იქნება, მაშინ იქნება ერთპარტიული პარლამენტი და მეტი შანსი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდეს.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. ჩვენ „ქართული ოცნების მხრიდან“ კონკრეტულ წინადადებას ველოდებით. პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები, ისევე როგორც ოპოზიციის შიგნით. მზად ვართ, სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც შეეხება არჩევნების ჩატარებას, მის ირგვლივ ნებისმიერ დეტალზე მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ კონსტუქციულად, ოღონდ, კარგად უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ რომ, თუ ისინი აპირებენ, წინადადება მოიტანონ სხვა საკითხზე, ისე რომ ეს არ ეხებოდეს არჩევნებს, ამაზე ჩვენგან იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია და ჩვენ ამას არ განვიხილავთ. თუ იქნება შეთანხმება ახალი არჩევნების შესახებ, შეიძლება იყოს შანსი ამ კრიზისის დაძლევის, თუ არ იქნება, მაშინ ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაპირობა იქნება და რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა კაპანაძემ.