რაზმაძე: გორის 2020 წლის ბიუჯეტში მორჩენილი თანხები წლის ბოლომდე, სხვადასხვა მიმართულებით მობილიზდება

764

პანდემიიდან გამომდინარე 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების ნაწილი გაუხარჯავი რჩება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თვითმმართელობამ უკვე განიხილა ის საკითხები, რა მიმართულებითაცაა შესაძლებელი ამ თანხების გახარჯვა.

დავით რაზმაძემ რადიო “მოზაიკასთან” 2021 წლის ფინანსეური დოკუმენტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 700 ათასი ლარით მეტი იქნება და ის ყველა გათვალისწინებულ კომპონენტს მოიცავს.

“მიმდინარე წლის ბიუჯეტში მორჩენილი თანხები უკვე მობილიზებულია, ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელთან. რაც შეეხება ახალ ბიუჯეტს, ჩვენ უფრო მეტის დამატებას ველოდებოდით, თუმცა მიუხედავად არსებული ვითარებისა გასულ წელთან შედარებით, 700 ათასი ლარის დამატება მაინც მოხდება 2021 წლის ბიუჯეტში. შენიშვნები უკვე გადავუგზავნეთ მერიას, რაც ძირითადად სოციალურ პროგრამას ეხება. მომავალი წლიდან გვინდა დავემაროთ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, ეს წინადადება ვფიქრობ მერსაც მოეწონება. 25 რიცხვამდე უნდა მოხდეს უკან დაბრუნება პროექტის და წლის ბოლომდე დავამტკიცებთ ახალ ბიუჯეტს”,- აღნიშნა საკრებულოს თავმდომარემ, დავით რაზმაძემ.