შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მეყვავილეებზე საუბრისას განაცხადა, რომ საცალო/საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული. როგორც მან განმარტა, შეზღუდვების პირობებში მოვაჭრეებს დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბექა ფერაძეს ჰკითხეს, რა საფრთხეს წარმოადგენენ მეყვავილეები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ვაჭრობდნენ და რატომ ეკრძალებოდათ მათ საქმიანობა.
“რაც შეეხება საცალო/საბითუმო ვაჭრობას, ზოგადად, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის საქმიანობა, თუმცა ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული. შესაბამისად, გამონაკლისი არ არის საქართველოც”, — განაცხადა ბექა ფერაძემ.
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები მთავრობის რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვით, მათ გარე სივრცეში ვაჭრობა აეკრძალათ. ყვავილების გამყიდველების თქმით, გუშინ საღამოს მათთან შრომის ინსპექცია მივიდა და განუმარტა, რომ დღეიდან მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. დღეს დილიდან ისინი კვლავ შეიკრიბნენ და ითხოვენ, მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ონლაინმუშაობაზე ვერ გადავლენ, რადგან მათი მომხმარებელი იაფიან ყვავილებს ყიდულობს, ამიტომ ადგილზე მიტანისთვის კიდევ 5 ლარს არ დაამატებს.
მეყვავილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი დღის განმავლობაში ყვავილების გაყიდვით მიღებული ფულია. მეყვავილეები დაშლას არ აპირებენ — მათ გაფრთხილებას ხელი არ მოაწერეს და ელოდებიან, რომ დააჯარიმებენ. მათი თქმით, ამჟამად შრომის ინსპექცია ამას ადგილზე მყოფი ჟურნალისტების გამო ერიდება. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათთან სასაუბროდ მთავრობის წარმომადგენლები მივლენ და საკუთარი პრობლემების მათთვის გაზიარებას შეძლებენ.