ტიკარაძე: ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება, შეზღუდვების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

341

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების დაცვა ქვეყნისთვის “კრიტიკულად მნიშვნელოვანია”. მინისტრი გარემოვაჭრეების აქციებზე წუხს, რომლებიც დადგენილ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მუშაობის შეწყვეტაზე უარს ამბობენ

“არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, ძალიან ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით ახსნა და კომუნიკაცია იმის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთა დაკავშირებითაც მთავრობამ, შტაბმა და საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა ის ზომა და არამხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან”. – აცხადებს ტიკარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 2 738-ს გაფრთხილება მისცა, 2 კი დააჯარიმა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.