ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა კი ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.
“ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია საიას 2 საქმე, რომელიც ზემოთხსენებული უფლებების მთავრობის მიერ შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ სარჩელთაგან ერთ-ერთი საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ივნისს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან მე-11 დღეს. ხოლო მეორე სარჩელი საოქმო ჩანაწერით არსებითად მიღებულ იქნა 2020 წლის 12 ნოემბერს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან დაახლოებით ხუთ თვეში. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს არც ერთი სარჩელი”, – აცხადებს საია.
ორგანიზაციის თქმით, ისინი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკრიტიკებდნენ შრომის, გადაადგილების თავისუფლების და საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავდა. ამის მიუხედავად, საკანომდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა ეს პოზიცია და მაინც გადასცა მთავრობას ჭარბი ძალაუფლება.
არასამთავრობოში აცხადებენ, რომ კონსტიტუციით განმტკიცებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ეკისრება შრომისა და გადაადგილების თავისუფლებაზე ექსკლუზიური საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესების ვალდებულება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის მიერ დაწესებული სტანდარტების ზედმიწევნით აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების ის მოდელი, რასაც კონსტიტუცია გვთავაზობს. ამის საპირისპიროდ, რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა შრომის და გადაადგილების კონსტიტუციურ თავისუფლებების შემზღუდველ ჩარჩოს, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, აწესებს მთავრობა, რომელიც არის თავისივე დაწესებული შეზღუდვის აღმასრულებელი.
საიას აზრით, ასეთ ვითარებაში, მთავრობის უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მთავრობის გაუმართლებელი ჩარევისაგან და იმავდროულად აიძულოს პარლამენტი, შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება – მთავრობას დაუწესოს შრომის და გადაადგილების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩო.
“აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებმა ცოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებიდან მალევე გადაწყვიტეს სადავოდ გამხდარი საკარანტინო ღონისძიებების კონსტიტუციურობის საკითხი. ასე მოიქცნენ გერმანიის, ავსტრიის, პორტუგალიისა და საფრანგეთის სასამართლოები. საკონსტიტუციო სასამართლოების აქტიურობა – სწრაფად უპასუხონ კოვიდ19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებს – მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ, ეფექტიანად აღიდგინონ მათი კონსტიტუციური უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, იცავს ადამიანებს სამომავლოდ უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას. აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.
შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.