ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატები ბექა ბასილაია და შოთა თუთბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულთა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა, ინფორმაცია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა, ცხადყოფს იმას, რომ სასამართლოს უკვე დაწერილი აქვს პოზიცია საქმეზე და პროკურატურის ვერსიას წინასწარ იღებს დადგენილ ფაქტად.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით “ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ” . მისი თქმით, ვინაიდან სასამართლოს ვებგვერდი არის ინფორმაციის ოფიციალური წყარო ყველა ტიპის საინფორმაციო საშუალებისთვის, შეცდომაში შემყვანი ამგვარი სათაური თუ ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ხელისუფლების და ბრალდების მხარის მცდელობაა, დაკავებულები რაიმენაირად დაუკავშირონ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას და საზოგადოებაში დაკავებულების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდეს.
“სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში,რომელსაც მცდარი ხასიათი აქვს შემდეგი რამ წერია, რაც ასევე ტყუილია: საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში ბრალდებულები “ნაციონალური მოძრაობის” სახელით შეხვდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი შესთავაზეს. ბრალდების მხარის ვერსია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რომელსაც ცრუ მოწმეების ჩვენების გარდა არანაირი მტკიცებულება არ ადასტურებს. წარმოდგენილია ცრუ მოწმის ოქმი, როგორც საქმის დადგენილი გარემოებები და სასამართლო ამბობს,რომ თურმე ასე მოხდა,რაც სიცრუეა, იმიტომ, რომ ეს ასე არ მომდარა და მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიციაა. ვფიქრობთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია გაასაღოს პროკურატურის ბრალის დადგენილება და იქ მოყვანილი სიუჟეტი ნამდვილ ფაქტად, არის არამხოლოდ ამორალური ქმედება და პირდაპირი მხარდაჭერა, არამედ სასამართლოს პოზიციის წინასწარი გამოხატვა კონკრეტულ საქმეზე.
მოვუწოდებთ სასამართლოს, რომ ეს დაუყოვნებლივ შეწყდეს, რადგან გარანტია იმისა,რომ ბრალდებულები ძალიან მალე გათავისუფლდებიან, არის მოსახლეობის, საზოგადოების ფართო ჩართულობა ამ საკითხში”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველს და ელჩებს შეატყობინებენ, რაც “არც თუ ისე სახარბიელო რეაგირებას მოახდენს პროკურატურისთვის და სასასამართლოსთვის”.
“სამთავრობო ვებ-გვერდები ცდილობდნენ, რომ ამ საქმისთვის დაერქმიათ მკვლელობის საქმე. როცა მკვლელობა არ დადგინდა, ცდილობდნენ გარდაცვალების საქმე დაერქმიათ. გამოძიებაც დაიწყო თვითმკვლობამდე მიყვანის მუხლით და იყო ამ მიზნისკენ მიმავალი გზების დაგება პროკურატურის მხრიდან, რაც არანაირად გამოვიდა, იმიტომ,რომ ვერც ერთმა ექსპერტმა ბმა გარდაცვალებასა და დაკავებულების მიერ ჩადენილ ქმედებას შორის ჰიპოტეტურადაც კი ვერ დაინახა. ამის მერე კვალიფიკაცია შეიცვალა და დაკავებულებს არ ედებათ ბრალად არც თვითმკვლელობა და არც მკვლელობა. მათ ბრალად ედებათ ქრთამის მიცემა, იძულება და მუქარა. ცალკე საკითხია ის, რომ საქმეში ამ ბრალდების დამადასტურებელი საბუთი არ არის. თუმცა, ეს ბრალდებები პროკურატურისთვის საკამარისად დრამატული არ არის, იმიტომ,რომ ბრალდებების დიდი ნაწილი რიგითი დანაშაულია და იმისათვის, რომ ამ საქმე ჰქონდეს ელფერი, აი, ოპოზიციური პარტიები რა ცუდ რაღაცებს აკეთებენ, პროკურატურას სჭირდებოდა მკვლელობა. ამიტომ, დღემდე ტრიალებს ამბავი – გობეჩიშვილის გარდაცვალების ამბავი”,- განაცხადა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, საქმეში არის შსს-ს თანამშრომლის რეზოლუცია, რომელიც სასამართლოშია წარდგენილი და მასში ამბობს ეს თანამშრომელი, რომ “ექიმებს ვესაუბრე, საქმეში საეჭვო არაფერია და გარდაცვლილია გულის პრობლემის გამო “.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის საქმეზე უახლოეს ორ კვირაში გაიმართება წინა სასამართლო სხდომა. ადვოკატი მიმართავს სასამართლოს, რომ “სახის შესანარჩუნებლად აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს”.