ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებ პირებს – აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მათთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ნოემბერს თბილისში ბრალდებულები შეხვდნენ გობეჯიშვილს და ნაციონალური მოძრაობის სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.
მათივე მტკიცებით, ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
“პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ასევე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ანალოგიური შეთავაზებით და მუქარით საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებსაც მიმართეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ უწყებაში.
ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების ამ ბრალდებებს ამორალურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს პოლიტიკური მიზნებისთვის.