ხვიჩია: ხბოს აღტაცებით შევჰყურებდით “დარჩის სახლში” დევიზს, რომელიც მიმართული იყო გაღატაკებისკენ

621

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები შიმშილს გამოიწვევს და ასე იქნება მანამ, სანამ ხალხი არ მიხვდება, რომ ეს ხელისუფლებისადმი მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისი თქმით, საზოგადოებამ და ოპოზიციამ ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლებას, რომელმაც გაზაფხულში ხალხი “დაატყვევა” და გაცილებით უფრო ნაკლები შემთხვევის დროს, მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

“შიმშილი ელოდებათ, კიდევ უფრო მეტი შიმშილი, სანამ არ მიხვდებიან, რომ საკუთარ თავს ადამიანებმა ეს თვითონ უქნეს და იმითი, რომ ხბოს აღტაცებით შევჰყურებდით “დარჩის სახლში” დევიზს, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული სამუშაო ადგილების დაკარგვისკენ და გაღატაკებისკენ”, — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ხვიჩიამ ისევ გააკრიტიკა “ეჭვის საფუძველზე” ადამიანების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა და განაცხადა, რომ “თავისუფლების აღკვეთით” ადამიანების მკურნალობა, ბოროტებაა.

კორონავირუსის შემთხვევათა მატების და შეზღუდვების ახალი ტალღის გამო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური მენეჯმენტი და დაზიანდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, ადამიანების ჯანმრთელობა, რაც ვირუსის ფართოდ გავრცელებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დღეიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.