თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

426

შემდეგი სტატია

თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს. 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდება.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო კონსულტაციაზე იწვევს.

მათი ცნობით, შეკრების მიზანია, მოქალაქეებმა ხელისუფლების ორგანოებისგან სრული ინფორმაცია მიიღონ. ასევე, დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები დააყენონ, პირადი პოზიცია დააფიქსირონ და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩაერთონ. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შეხვედრისას კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ, ყველა რეგულაცია იქნება დაცული.