რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს „ლოქდაუნია“

380

დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს სრულ „ლოკდაუნს“ და ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც უბრალოდ თვითლიკვიდაციას მოასწავებს.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებები დღეს გაცხადდება.

„არანაირი გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია. დღეს ფართო ასპექტით განხილული იყო ის ვითარება, რაც კოვიდსიტუაციას წარმოადგენს ქვეყანაში, ასევე ბიზნესის მდგომარეობა და იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდ ვარიანტში, რა შეიძლება მოხდეს კარგ ვარიანტში გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. გადაწყვეტილებები ხვალ იქნება მთავრობის მიერ გაჟღერებული. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს სრულ „ლოკდაუნს“ და ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც უბრალოდ თვითლიკვიდაციას მოასწავებს. არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მისაღებია იმ შემთხვევიდან გამომდინარე, რომ დღეს ვინც ცოცხლობს და შესაძლებლობა აქვს ოპერირებდეს, ოპერირების სიტუაციაშია. ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს „ლოკდაუნია“. დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.