„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული, რაციონალური წინადადება უნდა გაკეთდეს არჩევნების ირგვლივ.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს.
„ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროკავშირელი პარტნიორების მონაწილეობით შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში. აქ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული, რაციონალური წინადადება გაეკეთებინა, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავდა და თუ ასეთი წინადადება იქნებოდა გაკეთებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორმატში მას განვიხილავთ. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა და ის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ახალი არჩევნების ირგვლივ. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთვევაში ყველამ კარგად იცის რაც მოხდება, არაფერი სიურპრიზი არ იქნება არავისთვის, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და რომელში გამარჯვებაც შემდეგ სამარცხვინოდ იზეიმა“, – განაცხადა კაპანაძემ.