საქართველოს ცენტრალურ საარჩენო კომისიაში ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველმა მიიტანა. უწყების პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ბიულეტენები ამომრჩეველს, “როგორც ჩანს, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის ჰქონდა შენახული” და “ეს იყო, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი”.
“მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი, სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც, როგორც ჩანს, შენახული აქვს წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა. პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან, რა თქმა უნდა, საუბრო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა”, — განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეძლო მოქალაქემ უბნიდან ბიულეტენების ჯერ გატანა და შემდეგ შეტანა, იოსელიანი პასუხობს, რომ როგორც ჩანს, ამორმჩეველი “ძალიან მოხერხებული” იყო.
“ეს არის კანონით დასჯადი ქმედება, ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება, მისი უბნიდან გატანა ან განზრახ დაზიანება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო ბიულეტენების გატანა”, — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მხარემ და მათ შორის, ამომრჩევლებმაც უნდა შეიწყონ ხელი, რომ პროცესები წარიმართოს კანონით დადგენილ ვადებში.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ნათია ფარეხელაშვილმა განაცხადა, რომ ხაშურის სოფელ ავლევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენი იპოვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონვერტში იყო როგორც მიმდინარე არჩევნების, ასევე, წინა საპრეზიდენტო არჩევნების 6 ცალი ბიულეტენი.