ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, ტექნიკური ხარვეზის შედეგია. ცესკოში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.
“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებულია წინასწარი შედეგები შემდეგ ბმულზე: results.cec.gov.ge”, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს საიტზე თავდაპირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, #27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს, 23:30 საათის მდგომარეობით, დათვლილი უბნების მიხედვით, 8962 ხმა აქვს მიღებული, რაც ამომრჩეველთა 118.08%-ს შეადგენს, ხოლო მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული პოზიცია ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას 608 ხმა აქვს, რაც ამომრჩეველთა 8%-ია.
ამასთან, მე-5 მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს სოზარ სუბარს 3919 ხმა აქვს მიღებული, რაც 164,46%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს 503 ხმა აქვს, რაც 21, 11%-ია.
100%-ზე მეტი იყო დაფიქსირებული რამდენიმე სხვა მაჟორიტარულ ოლქშიც.
აღნიშნული მონაცემები ცესკოს საიტზე ამჟამად განთავსებული აღარ არის.