ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დღეს მეორე ტური ჩატარდა, ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ, თუმცა, მათმა შედეგებმა, სავარაუდოდ, თვით მმართველი პარტიის მოლოდინსაც გადააჭარბა.
მაგალითად, ცესკოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ:
თბილისში, სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, სოზარ სუბარს მხარი ამომრჩეველთა 164.46%-მა დაუჭირა.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს – ამომრჩეველთა 118.08%-მა.
რუსთავის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს – ამომრჩევლეთა 104.33%-მა.
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატ შალვა კერესელიძეს – ამომრჩეველთა 101.53%-მა.
ხაშურის, ქარელისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები) საარჩევნო ოლქში – ქართული ოცნების კანდიდატ ზაალ დუგლაძეს – 104.86%-მა.
ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატ ანზორ ბოლქვაძეს – ამომრჩეველთა 105.15%-მა.
რამდენიმე წუთის წინ დიაგრამა ცესკოს საიტიდან გაქრა და ახლა იქ მხოლოდ საუბნო შემაჯამებელი ოქმები დევს. ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში result.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი.
ინფორმაციის განახლება: აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს: გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, „ტექნიკური ხარვეზის” შედეგია. ცესკოში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.