ე.წ. კარუსელები, ამომრჩევლის მოსყიდვა, აგიტატორები და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კომისიის წევრები — ეს ნაწილია იმ დარღვევებისა, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა დღეს აღმოაჩინა. ორგანიზაციამ 20:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა.
მათი განცხადებით, კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც ადგილი ქონდა იგივე სახის პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. ისინი მეორე ტურს დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯად აფასებენ.
“აღნიშნული კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრობლემური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დარღვევები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა, გამონაკლისი არ იყო და ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული, ამყარებს იმ შეფასებას, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი და რასაც ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები.
“ეს პრაქტიკა წლებია კრიტიკის საგანს წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მექანიზმი. აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებასთან არ გამოიყენონ ასეთი საშუალება ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე და ამით აქტივობის უზრუნველყოფაზე”, — წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელები არჩევნებზე გამოცხადებას სთხოვდნენ. ასევე, შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ. ორგანიზაცია კიდევ რამდენიმე დარღვევზე საუბრობს, კერძოდ:
- ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #73 და #106 საარჩევნო უბნებთან სუფრები იყო გაშლილი, ხოლო კომისიის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ კენჭისყრას.
- შუახევის #82 საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა;
- შუახევის #82 საარჩევნო ოლქის #26 და #27 საარჩევნო უბნებზე; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა;
- თელავის #17 საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორმა პოლიციელთან საუბრისას განუცხადა, რომ 240 ამომრჩევლის მოყვანა უკვე შეძლო და კიდევ 40-ს ელოდებოდა.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ამასთან, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიკეტა, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყო.
მეორე ტური ჩატარდა შემდეგ ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.