საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 საათში გახდება ცნობილი

382

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 საათში გასაჯაროვდება.

არჩევნების შემაჯამებელი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.