„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება.
საია-ს ცნობით, მათი სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონული შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.
„საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საია-ში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საია-ში განაცხადეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ განცხადებას დღის ბოლოს და განცხადებას არჩევნების მეორე დღეს.