აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო, სადაც მთავრობის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ.
ისინი მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მას კანონით მინიჭებულ უფლება აქვს, რომ მთავრობის სახლში შევიდეს და სხდომას დაესწროს, თუმცა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
„კანონში იცით რა წერია? მე მაქვს უფლება მთავრობის სახლში შევიდე და სხდომას დავესწრო. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვარ, რას ჰქვია არ გაინტერესებთ კანონი. თქვენ არ გაქვთ უფლება შემაფერხოთ. თქვენ რიჟვაძის ნათესავები ხართ და იცავთ მას. თორნიკე რიჟვაძე წადით და დაიცავით სახლში“, – განუცხადა სამართალდამცავებს ელგუჯა ბაგრატიონმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ „სირცხვილის კორიდორს“ აუცილებლად მოაწყობენ და გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.