მდინარაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ გამბედაობა და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში

646

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ გამბედაობა და ნუ შეუშინდებიან სიმართლეს, მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიერ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა.

„ჩვენ ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში არაფერთგზის შევთავაზეთ სატელევიზო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად სხვადასხვა საბაბით აარიდეს თავი მათ უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოჩანაწერების გაცნობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ გამბედაობა და ნუ შეუშინდებიან სიმართლეს, მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დებატებზე უარის თქმას ორი მთავარი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

„მათ არ უნდათ, ეშინიათ და არ აწყობთ ის სიმართლე, რომელიც ამ ჯანსაღი დებატების დროს გამოიკვეთება და თუ მინც მოუწიათ დებატებში მონაწილეობა, გვთავაზობენ ფორმატს, სადაც რაციონალური საგნობრივი დებატები არ შედგება და იქნება შოუ და ამ შოუს მიმდინარეობისას საზოგადოება კვლავ ვერ გაიგებს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებულ სიმართლეს“, – განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდისთვის დებატების ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, უბრალოდ, „ოპოზიცია ითხოვს შოუს“.

„ისინი არ აპირებენ დებატებში მოსვლას, მაგრამ თუ მოვიდნენ მათი ამოცანა იქნება გამართონ შოუ, მოაწყონ ისტერიკა, როგორც სჩვევიათ და ამ ყვირილში და შეურაცხყოფაში ისევ და ისევ საზოგადოება ვერ გაარკვევს რაშია სიმართლე“, – განაცხადა მდინარაძემ.