ოკუპირებულ აფხაზეთში „როსავიაციის“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხს შეისწავლიან.
„სპუტნიკის“ ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლები შეისწავლიან აეროპორტის ტექნიკურ მდგომარეობას და განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს მისი კაპიტალური რემონტისა და ფუნქციონირებისთვის.
დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამ დელეგაციის წევრები მიიღო. სოხუმის აეროპორტის მშენებლობის შესახებ მან 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აეროპორტის ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აფხაზეთში უნდა შეიქმნას სათანადო პირობები.
შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ აეროპორტის განახლება „სახელმწიფოს“ პრიორიტეტულ ამოცანებში შედის, რომლის გადაუწყვეტელობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს ოკუპირებულ რეგიონს.