გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგება ათეული წლებია პრობლემას წარმოადგენს პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მორიგი ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარეობს. წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება.
დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა დაასრულოს.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილებს და რეზერვუარს. მოეწყობა საქლორატორო, მაგისტრალური მილდენი, წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ 3 500-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს 10,5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
“დღეის მდგომარეობით, ჭანდარსა და ძირკოკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობას წყალი კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე საათით მიეწოდება, ზაფხულის პერიოდში კი შესაძლოა კვირაში ერთხელ მიიღონ. ადგილობრივების ძირითად ნაწილს წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი, წყალი არ იქლორება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.