გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სპორტის სააგენტოს, პანდემიის გამო თანხების ნაწილი გაუხარჯავი რჩება.
მათ შორის აღმოჩნდა, როგორც სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის გათვალისწინებული, ისე კომუნალური გადასახადების ხარჯები. გამოთავისუფლებული თანხები სააგენტომ სპორტული სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოიყენა. გარდა ამისა, მორჩენილი თანხით საჭირო ინვენტარიც შეიძინა.
„კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებიდან გამომდინარე, შეჯიბრების ორგანიზებისა და კომუნალური გადასახადების გარკვეული ხარჯები გამოთავისუფლდა. ისინი ძირითადად მიმართული იყო სპორტული სკოლების ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის სამუშაოებში, აგრეთვე ამ სკოლებში სხვადასხვა სახის ინვენტარის შესაძენად. რემონტი ძირითადად, სწორედ ამ გამოთავისუფლებულ ხარჯებზე დაყრდნობით გაზაფხულიდან მოყოლებული ჩაუტარდა – გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლას, ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლას, ახლა სრულდება იგივე სამუშაოები გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებულ სპორტულ სკოლაში და უახლოეს დღეებში დაიწყება გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სარემონტო სამუშაოები“, – აცხადებს სპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი პურიჭამიაშვილი.