კობახიძე: დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად

331

წინა სტატია

“ქართული ოცნების” მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დებატებზე უარს იტყვის, ეს ოპოზიციის კაპიტულაციად ჩაითვლება.

“გუშინ მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზებისა, რაც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს. მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, თუ ოპოზიციას სიმართლის არ ეშინია, „კლასიკურ დებატებს“ უნდა დათანხმდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზება გაჟღერდა „რუსთავი 2“-ზე, მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზების. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად ჩაითვლება.

ოპოზიციური პარტიები, “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო” და “გირჩი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებასთან დებატი ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა მოეწყოს.

პარტიების განცხადებით, დებატები შესაძლებელია მოეწყოს შემდეგ კვირას, ისეთი ფორმატით, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ.