ბათუმში უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა „იმოქმედეს” და „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა, უსკო-ს შენობასთან ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას და უსკო-ს ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას ფოტოები ბუშტებზე დაამაგრეს და ცაში გაუშვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა ახალგაზრდებს თავისუფალი არჩევანი და მომავალი წაართვეს.
მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მათივე თქმით, მოთხოვნების არდაკმაყოფილდების შემთხვევაში, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
„ყოველდღიურ რეჟიმში აქციები გრძელდება და დღევანდელი პერფორმანსი ერთ-ერთი მათგანია. სამარცხვინოდ და უტიფრად ქართველ ხალხს ხმები მოპარეს – გააყალბეს არჩევნები. თავისუფლება და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების უფლება წაართვეს, რაც ასე არ დარჩება. ვიქნებით იქ, სადაც ქვეყანას და სამშობლოს სჭირდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბეგი ტაკიძემ.