ტელეკომპანია “თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გორის მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. ის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა.
ბადრი ნანეტაშვილი ტელეკომპანია “თრიალეთის” 20%-ის მფლობელია. 20% ეკუთვნის მის მეუღლესაც – ნინო განგიძეს. 50%-ის მფლობელია ბადრი ნანეტაშვილის ძმა ჯონდო ნანეტაშვილი, ხოლო 10%-ს ფლობს შპს “აქცეპტი”, რომლის 80%-ის მფლობელიც 2014 წლამდე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იყო.
შპს “აქცეპტის” საკუთრებაში იყო თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია მე-9 არხი. ამ პერიოდში აქცეპტის 80 %-ს ივანიშილის მეუღლე ეკატერინე ხვედლიძე ფლობდა. ამჟამად, აღნიშნულ 80 %-ს ლერი კაპანაძე ფლობს, რომელიც მანამდე საჩხერის “ჩიხურის” გამგეობის წევრი იყო.
2012 წლის მაისში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10%-იანი წილი 1 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
ბადრი ნანეტაშვილი სხვადასხვა დროს შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2004-2006 წლებში ის, ასევე, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
ბადრი ნანეტაშვილი წინა ხელისუფლებას ზეწოლაში ხშირად ადანაშაულებდა. მას, ასევე, დაპირისპირება ჰქონდა თავდაცვის ყოფილ უფროსთან, ირაკლი ოქრუაშვილთან.
20006 წელს საქართველოს პარლამენტმა ნანეტაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზი კი ის იყო, რომ ის პარლამენტარისათვის შეუთავსებელ სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია “თრიალეთის” და ამავე სახელწოდების გაზეთის მართვის გზით ეწეოდა. თუმცა, ნანეტაშვილი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ეს ქმედება ხელისუფლების მხრიდან მასსა და ტელეკომპანია “თრიალეთზე” ზეწოლის გაგრძელება იყო.
ბადრი ნანეტაშვილი, ასევე, ფიგურირებს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებითაც. მან განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი გარდაცვალების წინა დღეს მასთან ერთად იყიდა. საქმესთან დაკავშირებით ნანეტაშვილი პროკურატურამაც დაკითხა.
ბადრი ნანეტაშვილი გორში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად მოქალაქეებმა – დავით მთიულიშვილმა, თინათინ თაყაძემ, ნინო დვალიშვილმა, რობერტ ზანგალაძემ და გიორგი კახნიაშვილმა წარადგინეს.
სულ, ქვეყნის მასშტაბით, მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა.