ვინ წავა და ვინ – არა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიიდან, საბოლოო სურათის დანახვამდე დიდი დრო არ რჩება, თუმცა, როგორც ტვ25- სთვის გახდა ცნობილი, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიიდან რამდენიმე მათგანი დეპუტატობას არ აპირებს. გეგმავენ, მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდამდე დაკავებულ თანამდებობებზე გააგრძელონ, საკანონმდებლო ორგანოში კი ავტომატურად, სიით მომდევნო შევიდეს.
ტელეარხის ცნობით, თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით უნდა შევიდეს. აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე პირველი ნომერი იყო. როგორც „მაცნესთვის“ გახდა ცნობილი, რიჟვაძე სავარძლის დატოვებას და წარმომადგენლობით ორგანოში გადანაცვლებას არ აპირებს.
კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელიც სიაში იყო, თუმცა, დიდი ალბათობით, მანდატზე უარს იტყვის, ჯაბა ფუტკარაძეა. აჭარის ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ინფორმაცია ვერ გადამოწმდა, რეგიონის ყოფილმა მთავარმა ფინანსისტმა სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.
21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა. ამას ემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა.
იმ შემთხვევაში თუ თორნიკე რიჟვაზე და ჯაბა ფუტკარაძე მანდატზე უარს იტყვიან, უმაღლეს საბჭოში შესვლას შეძლებენ პროპორციული სიის მეთორმეტე ნომერი, „ბათუმის წყლის“ დირექტორი მარინე გვიანიძე და მეცამეტე ნომერი – ილია ვერძაძე. ეს უკანასკნელი წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია.
რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას გააგრძელებს გიორგი მანველიძე, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია. მმართველი გუნდიდან საბჭოში ასევე იქნებიან ნადიმ ვარშანიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ფატი ხელვაში – წინა მოწვევის პარლამენტის წევრი და ასევე, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრები დავით თედორაძე, დავით ბაციკაძე და ლადო მგალობლიშვილი.
წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე იყო. იგი პროპორციული სიის მეორე ნომერი იყო. სავარაუდოდ, მას იგივე პოსტზე წარადგენენ.