დუშეთში 160 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება

571

ქალაქ დუშეთის N 3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში გადაიჭრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 160 აღსაზრდელი ისარგებლებს. შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ხორციელდება, ღირებულება კი, 832 776 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად მოინახულა.

„ჩვენი პრიორიტეტი მომავალი თაობის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში აღზრდაა. დუშეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ დასრულდა N 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ამ დროისთვის მიმდინარეობს მაღაროსკარის, ქალაქ დუშეთის N 2, სოფელ ჭოპორტისა და ოძისის სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია, სოფელ ჭადიჯვარში კი ახალ საბავშვო ბაღს ვაშენებთ. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ დუშეთის N 3 საბავშვო ბაღში, რომლის შენობის და ეზოს სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც ხდება, ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია მომდევნო წლებში რეგიონში არსებული ყველა სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია, ასევე ვგეგმავთ გავაგრძელოთ ბაღების მშენებლობაც“, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

2019-2020 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 11, ხოლო აშენდა 1 სააღმზრდელო დაწესებულება.