თალაკვაძე: დიალოგისა და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა

576

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეთანხმება მიღწეულია, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩატარდეს.

„მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა კვლავ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ჩატარდა და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც დაესწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჩაერთნე.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში იმართება.